ახალციხის მუნიციპალიტეტი მდიდარია ნაყოფიერი და ნოყიერი ნიადაგებით. მორწყვის პირობებში უხვ მოსავალს იძლევა. ტერიტორიის დიდი ნაწილი ათვისებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის. რაიონის დაბალ ნაწილში განვითარებულია მდელოს ყავისფერი და ალუვიური მდელოს კარბონატული ნიადაგები, მესხეთისა და ერუშეთის ქედების ტყიან კალთებზე – ტყის ყომრალი ნიადაგი, რომელსაც უფრო მაღლა მთის მდელოს კორდიანი ნიადაგი ცვლის. ჭალის ზედა ტერასებზე ალუვიური ნიადაგია.