ხუთშაბათი, 2024-11-21, 9:54 AM
მოგესალმები, სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩვენი გამოკითხვა
ონლაინში:

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთვლელები:
მთავარი » 2011 » აგვისტო » 24 » ისტორიული მონაცემები
5:41 PM
ისტორიული მონაცემები
ძველი სამცხის მთავარი ქალაქი და სამცხის ათაბაგთა რეზიდენცია, დღეს კი რაიონის ცენტრი ახალციხე - მდინარე ფოცხოვის ნაპირზე მდებარეობს, ბორჯომის სამხრეთ-დასავლეთით.
IX საუკუნეში იწყება ქალაქ ახალციხის ისტორია. თუმცა ეს ქალაქი იმდროინდელ ქართულ წყაროებში ამ სახელით არ მოიხსენიება, ვახუშტი ბატონიშვილის განმარტებით - მას სავარაუდოდ სხვა სახელი - ლომისა ერქვა. „მატიანე ქართლისაის" ცნობით კი, ქალაქი IX საუკუნეში გვარამ მამფალს აუშენებია.
ქალაქს მდინარის ორივე ნაპირი უჭირავს. მარცხენა ნაპირი მთაგორიანია, აქ მდებარეობს ქალაქის ძველი ნაწილი, ე. წ. რაბათი და დიდი ციხე-სიმაგრე, რომელშიაც წინათ ახალციხის მფლობელთა სასახლე იყო. მარჯვენა ნაპირი ვაკეა. აქ  ქალაქის უბნები მხოლოდ XIX საუკუნეში გაშენდა, ამ ნაწილსაც ბორცვები აკრავს. ქალაქის ზოგი უბანი ამ ბორცვთა ფერდებზეა შეფენილი.
ახალციხე XIII – XIV საუკუნეთა მიჯნიდან მოყოლებული, სამცხის მთავართა (ჯაყელთა) რეზიდენცია და მთელი სამცხე-საათაბაგოს დედაქალაქი იყო. ახალციხის დაწინაურება იმ ხანებში დაიწყო, როცა საქართველოს მთლიანი სახელმწიფო უკვე რღვევას იწყებდა, მისი მეზობელი სახელმწიფოები კი ძლიერდებოდნენ. სამცხე-საათაბაგოს და კერძოდ, ახალციხის ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენდა მომძლავრებულ თურქეთთან მეზობლობა. თავისი არსებობის მანძილზე ახალციხეს ბევრი ჭირ-ვარამი გამოუვლია, მას არა ერთხელ გაუძლია დამპყრობთა შემოსევისათვის, ბევრჯერ აოხრებულა კიდეც მათგან.
პირველად თემურ-ლენგი უტევს ახალციხეს (1393 წელს). 1486 წელს იაყუბ ყაენმა „...უბრძანა ლაშქარსა... რათა ჩაუდგეს სამცხეს... მათ იავარჰყვეს ქვეყანა სამცხისა და... მერმე მოადგეს ციხესა და ქალაქს ახალციხისა... გატეხეს ციხე და დაწვეს ქალაქი...".
         მიუხედავად თავდასხმისა და დარბევისა, ახალციხეში  მშენებლობა მაინც არ ჩამკვდარა. მშვიდობიანი პერიოდები მაინც საკმაოდ ხანგრძლივი იყო ხოლმე. ციხე-სიმაგრისა და ათაბაგთა სასახლის გარდა, აქ ეკლესიები და სავაჭრო დაწესებულებათა მოზრდილი შენობებიც  იქნებოდა.  სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში ეს ძველი შენობები ერთიანად განადგურდა, ან ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის. არ გადარჩენილა ადრინდელი საცხოვრებელი სახლებიც, გადარჩა მხოლოდ შედარებით გვიან აგებული, მაგრამ ძალიან ძველი ტიპის, საცხოვრებლები, ე. წ. დარბაზები.
1590 წელს ირან-ოსმალეთს შორის ზავი გაფორმდა. მთელი სამცხე-საათაბაგო ოსმალეთს ერგო. სამხრეთ საქართველო დიდი ხნით მოექცა ოსმალთა იმპერიის შემადგენლობაში, 1628 წლიდან კი ახალციხის ფაშად გამაჰმადიანებული ათაბეგები ინიშნებიან.
თურქები ახალციხეში უმთავრესად სათავდაცვო მშენებლობას აწარმოებდნენ. მათ უკვე 1586 თუ 1587 წელს შეაკეთეს ქალაქის სიმაგრე.  საფიქრებელია, რომ შეშდეგშიაც ააშენებდნენ ციხის ცალკეულ ნაწილებს. 1752 წელს ახალციხის ფაშამ, ჰაჯი ახმედმა, ციხეში ააგო მეჩეთი.
XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ბატონიშვილი ვახუშტი ახალციხის შესახებ ასეთ ცნობას გვაწვდის: „...არს ახალციხე ქალაქი ფერსათის მთის კერძოთ ჩამოსულს კლდესა ზედა... ხოლო ქალაქი არს მოზღუდვილი ციხიდამ ქვიტკირის სამის ზღუდით... ჰავითა არს მშვენი, ზამთარს ცივი და თოვლიანი, ზაფხულს არა ეგდენ ცხელი. გარემოს ქალაქისა წალკოტნი, ვენახნი და ხილნი მრავალნი. აწ მჯდომარებს ფაშა მუნ, რომელსა უწოდებენ საქართველოსანი კვალად ათაბაგადვე, ხოლო ოსმალნი ახალციხის ფაშად და უპყრავს ამას სრულიადი სამცხე-საათაბაგო".
XVIII საუკუნის მიწურულში (1795 წელს) ახალციხეში გზად გაიარა ერეკლე II-ს დავალებით ინდოეთს მიმავალმა რაფიელ დანიბეგაშვილმა. იგი რამდენიმე დღე დარჩენილა იქ, მაგრამ ვერაფერი უნახავს ,,ისეთი, რაიც ღირსი ყოფილიყო ყურადღებისა. ქალაქს გარემოცულობა დიდი არა აქვს, თვალწარმტაცი შენობები მასში სრულიად არ არის, მცხოვრებნი საშუალო შეძლებისანი არიან. მთავარი საქმიანობა მათი არის მეხილეობა. ხილით ქალაქი მდიდარიაო", - წერს დანიბეგაშვილი.
მეორე იმდროინდელი მოგზაურის - რუისის მიტროპოლიტის იონას - ნაწერი მოწმობს, რომ ახალციხეში, მიუხედავად იმისა, რომ სამცხის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იძულებით იყო გამაჰმადიანებული, მაინც არსებობდა მოქმედი მართლმადიდებლური ეკლესია (იონა ახალციხეში XVIII საუკუნის ოთხმოციანი წლების დასაწყისში იყო).
XIX საუკუნის დასაწყისიდანვე, როცა ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, რუსული ხელისუფლების წინაშე მწვავედ დაისვა ახალციხის საფაშოს (განსაკუთრებით კი თვით ციხე-სიმაგრე ახალციხის) შემოერთების საკითხი. ახალციხის შემოერთების გარეშე საქართველოს, განსაკუთრებით კი საფაშოს მეზობელ კუთხეებს, მოსვენება ვერ ეღირსებოდა.
ახალციხის წინააღმდეგ გალაშქრება რუსეთმა ჯერ კიდევ 1810 წელს სცადა. მაგრამ მაშინ ქალაქის აღება ვერ მოხერხდა. 
რუსებმა ახალციხის აღება 18 წლის შემდეგ - 1828 წელს შეძლეს. 1829 წელს თურქებმა სცადეს ახალციხე უკანვე დაებრუნებინათ, მათ ალყა შემოარტყეს ქალაქს, მაგრამ დამარცხდნენ.
1829 წლის სექტემბერში, ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებით, თურქეთმა რუსეთს დაუბრუნა ახალციხის საფაშოს ნაწილი. ქალაქი ახალციხე კვლავ საქართველოს შემოუერთდა.
რაბათში განსაკუთრებით საყურადღებოა ძველებური „დარბაზები". დარბაზი ქართული ხალხური საცხოვრებლის უძველესი ტიპია. ერთ რომაელ ავტორს ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში აქვს აღწერილი ამგვარი საცხოვრებელი საქართველოში. დარბაზის დამახასიათებელია ოთახის გადახურვა ე. წ. გვირგვინით, რომელიც ხის კოჭების თავისებური განლაგებით კეთდება. გვირგვინი ქვემოდან ზემოთკენ პირამიდულად ვიწროვდება (ყოველი ზემო საფეხური ქვემოსთან შედარებით გადმოშვერილია), ხოლო სულ ზემოთ დატოვებული აქვს სარკმელი. ქართული დარბაზების ხუროთმოძღვრული დამუშავება, მისი მორთულობა (ხეზე ნაკვეთი ჩუქურთმები და სხვა). ჩვენი ძველი ოსტატების დიდ დახელოვნებას, ქართველი ხალხის ფაქიზ  მხატვრულ გემოვნებას მოწმობს.
ახალციხის რაბათში მესხური დარბაზების  საუკეთესო ნიმუშები არსებობდა. რაბათისაგან დარჩენილია აბანო და რამოდენიმე შენობის ნანგრევები, ხოლო ციხე კლდოვან მასივზე ყოფილა დაშენებული. ციტადელი მაღლობზე აღმოსავლეთითაა გაშენებული და ქვედა დიდ ეზოს უერთდება დიდი განიერი კიბით, რომელსაც იცავდა შუაზე მდგარი ნახევარცილინდრული დიდი კოშკი. მის კედლებზე და მიმდებარე გალავანზე გამოყენებულია დაუდგენელი ეკლესიის ფრაგმენტები. მათ შორის გამოირჩევა ჯვარი წარწერით. 
ციტადელის გალავანს განიერი ბილიკი აუყვება. იქვე მდგარი კოშკის ბანზე სწორკუთხა განიერი ქონგურებია (ასეთივეა ხერთვისის გალავანზეც). ეს ქონგურები თურქულია.
ციხის მაღალი ნაწილის ტერიტორია კედლებითაა დახლართული და მრავალი სხვადასხვა სახის ნაგებობაა ჩადებული. აქვეა დიდი გვირაბი, რომელიც მდინარის გაღმაც კი მიდიოდა. მეჩეთის ქვემოთ, მთავარი შემოსასვლელი ყოფილა. აქ ორმაგ კედლებს შორის არის ჭიშკარიც.
ახალციხეში, ციხისა და მის შიგნით დარჩენილ ცალკეულ ნაგებობათა გარდა, მაინცდამაინც ძველი ძეგლები არაა დარჩენილი. წმ. მარინეს ძველი ეკლესია (რაბათში) 1865 წელს ხელმეორედ აშენდა. ძველი შენობის მოჩუქურთმებული ქვები ახალი შენობის კედლებშია ჩატანებული. სხვა ეკლესიები XIX საუკუნისაა.
ქალაქის ახალ ნაწილში (ფოცხოვის მარჯვენა ნაპირზე) ყურადღებას იპყრობს ძველებური სახლები (ზოგი ას წელზე მეტი ხნისაც იქნება) რომლებიც ერთბაშად გამოირჩევა ბანიანი სახურავებით. ეს სახლები ერთსართულიანია, დაბალი, კედლები თავისებური კონსტრუქციისა: კედლის ჩონჩხად ხის დგარები და კოჭებია, ხოლო მათ შუა მანძილი უხეშად გათლილი ქვითაა ამოვსებული. კარნიზი ზოგიერთ სახლს აგურისა აქვს. ხერხულა ისეთი, როგორც ძალიან გავრცელებული იყო XVI-XVIII საუკუნეებში.
კატეგორია: ახალციხის შესახებ | ნანახია: 1893 | დაამატა: chago06 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ვიდეო
შესვლა
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
საიტის არსებობა
ძებნა